მოძებნეთ სასურველი ქვეყანა
ძიების რეზულტატი: საქართველო
საქართველო
ქვეყნის შესახებ

საქართველო


დედაქალაქი თბილისი
41°43′ ჩ. გ. 44°47′ ა. გ.
ოფიციალური ენა(ები) - ქართული
ფართობი - 69,700 კმ2 (121-ე)
მოსახლეობა - 4.555 მლნ
ვალუტა ლარი (GEL)
დროის სარტყელი UTC+4
ქვეყნის კოდი GEO
Internet TLD .ge
სატელეფონო კოდი 995
საქართველო მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, შავი და კასპიის ზღვებს შორის, ჩრდილოეთ განედის 410 03' და 430 35'–ს და აღმოსავლეთი გრძედის 400 00' და 460 44'–ს შორის. საქართველოს (მოსახლეობა 4 555000 ათასი კაცი) მოსახლეობის ამ რიცხვში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილი, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს. დედაქალაქი - თბილისი (მოსახლეობა 1 092.9 ათასი კაცი).
აღმოსავლეთ საქართველოში კლიმატი არის მშრალი და კონტინენტური, ცხელი ზაფხულითა და ზომიერი ზამთრით, დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე თბილი და სუბტროპიკული კლიმატი აღინიშნება. საქართველო კულტურის, რელიგიის, თვალწარმტაცი ბუნებისა და უძველესი ისტორიის თვალსაზრისით უნიკალური ქვეყანაა. ამ პატარა ტერიტორიაზე საოცრადაა შერწყმული ყველაზე კონტრასტული, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს - მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალები თუ სუბტროპიკული სანაპიროები, უდაბნო თუ ხშირფოთლოვანი ტყე, თანამედროვე ქალაქები თუ უძველესი სოფლები. საქართველოს ღვინის სამშობლოდ მოიხსენიებენ. ქვეყანას ღვინის დამზადების ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. არქეოლოგები და ისტორიკოსები ფლობენ ისტორიულ მასალას 7000-წლოვანი ქართული ყურძნის ჯიშებისა და კიდევ უფრო ძველი ღვინის ჭურჭლის შესახებ. მეცნიერთა მტკიცებით, ყურძნის უძველესი ჯიშები სწორედ საქართველოშია აღმოჩენილი.
ქვეყნის ოფიციალური ენა ქართულია. ეს არის ერთადერთი ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში, რომელსაც უძველესი დამწერლობა და საკუთარი ანბანი აქვს. ქართული ანბანი მსოფლიოში არსებული 14-დან ერთ-ერთია.
ქართული არქიტექტურა, ძირითადად წარმოდგენილია უძველესი ტაძრებით, ეკლესიებითა და ციხესიმაგრეებით, რომლებიც, მიუხედავად ისტორიული ქარტეხილებისა, ქვეყანაში მრავლადაა შემორჩენილი. ფორმების სიმარტივე, ეფექტური დიზაინი, ჰარმონიული პროპორციები, უმშვენიერესი ორნამენტები და იდეალური შერწყმა გარემომცველ ბუნებასთან ქართული არქიტექტურის უდიდესი ღირსებაა.
ქვეყანას საამაყო და უნიკალური პოლიფონიური სიმღერების ტრადიცია აქვს, აქ შედის როგოც საერო, ასევე საეკლესიო საგალობლები და სიმღერები.

სრულად ნახვა
სამზარეულო
საქართველო გამოირჩევა სპეციფიკური სამზარეულოთი და სახელგანთქმული სტუმართმოყვარეობით. ქართული სტუმართმოყვარებით მოხიბლულ უცხოელ ტურისტებს ხშირ შემთხვევაში სწორედ ამის გამო უჩნდებათ მისი ხელახალი მონახულების სურვილი.
ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში. ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ქართული კულინარია და ტრადიცული სუფრის საგანძური მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის და მკვეთრად განსხვავდება რეგიონების მიხედვით. არქეოლოგიური მასალითაა დადასტურებული, რომ ვაზის გაკულტურება პირველად, სწორედ, საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა და სავარაუდოდ პირველი ღვინოც აქვე დაიწურა. იგივე შეიძლება ითქვას პურეული კულტურების შესახებაც, საქართველოს ტერიტორია მარცვლეული კულტურების სრულიად დამოუკიდებელ, გენეტიკურ ცენტრადაა მიჩნეული. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ, უძველესი დროიდან მოყოლებული, ქართველური ტომების კულინარიულ კულტურაში უმთავრეს როლს მარცვლეული კულტურები და მეღვინეობა თამაშობდა. თუმცა ყველაზე არქაული ალბათ შემგროვებლური მეურნეობაა და, პირველ რიგში, ესაა ძალზე მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რითაც უძველესი ადამიანი იკვებებოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს ნადირობის უდიდესი როლიც პირველყოფილი კულინარიის ჩამოყალიბებაში. ძალზე მნიშვნელოვანია ასევე ხორცისა და რძის ნაწარმი, რომელიც განვითარებულ მესაქონლეობას უკავშირდება. აი ეს არის ის ძირითადი სპექტრი, რითაც შეგვიძლია დავახასიათოთ ქართული კულინარიის საწყისი ფორმები. ქართულ კულინარიას ძალიან დიდი კვალი დაატყო მეზობელმა კულტურებმა. აქ შეგვიძლია ვიპოვოთ თურქული, სომხური, არაბული, სპარსული, რუსული კვალი. მაგალითად, არაქართული ძირები აქვს ისეთ საფირმო ქართულ კერძებს, როგორიცაა ქაბაბი, ხაში, ბოზბაში, ყაურმა და მრავალი სხვა. აღმოსავლურ–ქართული სამზარეულო, მიუხედავად იმისა, რომ უგემრიელესია, ძალზე მარტივია, იქ რამე განსაკუთრებული ინდივიდუალური ნიშნების პოვნა ძნელია. თუმცა გამონაკლისებიც არის, ამ მხრივ უდიდესი მონაპოვარია ჩაქაფული და ჩანახი, რომელთაგან ორივეს აღმოსავლური ძირები აქვს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში სულ სხვა ვითარებას ვხედავთ, რადგან ფშავში, თუშეთსა და ხევსურეთში ვხვდებით სრულიად უნიკალურ პროდუქტს, როგორიცაა ცხვრის გუდის ყველი, ხმელა კალტი, ხინკალი, დამბალხაჭო, ყაღი (გამომხმარი ხორცი, ცხვრის, საქონლის, ჯიხვის ან დათვის), ლუდის ხარშვის ტრადიცია და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოში არის შედარებით ახალი, მოდერნიზებული კერძებიც, სხვადასხვანაირი ჩახრაკულები, ბუღლამა და ა.შ. ასევე უძველესი შეჭამანდები (ძირითადად, ქართლში). ქართული სამზარეულოს მთავარი ნიშანი, პირველ რიგში, ორიგინალური პროდუქტია, ხშირად ორიგინალური მომზადების წესიც, მაგრამ უმთავრესი მაინც საკმაზები მგონია, და ამ მხრივ დასავლეთ საქართველოს ბადალი არ ჰყავს. ეს მრავალფეროვანი საკმაზები, აღმოსავლეთ საქართველოში ზეთით, ხოლო დასავლეთ საქართველოში ძმრით დაწყებული, ნაირ–ნაირი ეგზოტიკური სანელებლებით გაგრძელებული და ნიგვზით დასრულებული.
სრულად ნახვა
ექსკურსიები / ღირსშესანიშნაობები
საქართველო – არის ქვეყანა უძველესი ისტორიით, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით.ქვეყანას აქვს კოლოსალური ტურისტული პოტენციალი– დაწყებული კავკასიონის დათოვლილი მთებით და გაგრძელებული შავი ზღვის პირამდე; მთის, ზღვისპირა ბალნეოლოგიური და სამკურნალო ტალახის კურორტები, 10 ათასზე მეტი არქეოლოგიური, ისტორიული, არქიტექტურული და ასევე ბუნების მრავალრიცხოვანი ძეგლები, გულთბილი და კეთილი მოსახლეობით. აქ, ამ მცირე მონაკვეთზე, კონცენტრირებულია რწმენის და ისტორიის არსებული ძეგლების უდიდესი რაოდენობა.
თბილისი
საქართველოს დედაქალაქი-თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
დაარსება
არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.
ლეგენდა
ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია.
აბანოთუბანი, აბანოების უბანი, საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, ახლანდელი ძველი თბილისის რაიონში, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს. ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V ს. ქართლის მეფეს ვახტანგ გორგასალს მიაწერს. X ს. არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავს: „ქალაქში [თბილისში] არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით XIII ს. თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV სს. ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII ს. რუსი ვაჭარი ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი, რომელიც თბილისში ექვს აბანოს ითვლის. XVII-XIX სს. თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, „გრილი“ (შიოევის), „ჭრელი“ და სხვა აბანოები. დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და მერმინდელ სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. სწორედ ამიტომ, ამ ადგილს აბანოთუბანი ეწოდა. ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არა ჰქონია; აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს.
შარდენის ქუჩა, ყოფ. ბნელი რიგი, ძველ თბილისში მდებარე პატარა საფეხმავლო ქუჩა, ქალაქ თბილისის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი. წარსულში ძველი თბილისის ერთ-ერთი სავაჭრო ქუჩა იყო, რომელიც თათრის (ახლანდ. გორგასლის) მოედანზე გადიოდა და მას სიონის ქუჩას აკავშირებდა. ერთ დროს ეს ვიწრო ქუჩა გადახურული იყო და ამიტომ ერქვა „ბნელი ქუჩა“. გვიან შუა საუკუნეებში აქ მექვაბების რიგი იყო, ხოლო XIX ს.-ში ახალი ბაზაზხანა განვითარდა. დახურული ბაზაზხანა-ბნელი რიგი XX ს.-ის დასაწყისშიც არსებობდა. შემდეგ მოხდა მისი რეკონსტრუქცია (არქ. გ. ბათიაშვილი, 1981) და XVII ს. ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის სახელი ეწოდა. 2002 წ. დაიწყო ქუჩის განახლება და კეთილმოწყობა. ამჟამად შარდენის ქუჩასა და მის მიმდებარე რკინისა და ბამბის რიგებში განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები, გალერეები; ეწყობა გამოფენები, დღესასწაულები, კონცერტები.
მუზეუმები
1979-თვის თბილისში უკვე იყო დაფუძვნებული ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, მისი ფილიალი საქართველოს ხალხთა მეგობრობის მუზეუმი; საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, მისი ფილიალები: მ. თოიძის, ე. ახვლედიანის, ი. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმები; საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმი. მისი ფილიალები: უ. ჩხეიძის, მ. ჭიაურელის, თ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმები; თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; ავლაბრის სტამბა; საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი; ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი; გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი; ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი; ბავშვთა სათამაშოების მუზეუმი; სურათების სახელმწიფო გალერეა; ბავშვთა სურათების გალერეა; ი. ჭავჭვაძის, ზ. ფალიაშვილის, ი. გამრეკელის, ა. ხორავას სახლ-მუზეუმები და სხვა.
მცხეთა
მცხეთის ტერიტორია დასახლებული იყო ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. III—II ათასწლეული). გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანაში (ძვ. წ. II—I ათასწლეული) იგი მჭიდროდაა დასახლებული. ქ. მცხეთა მდიდარია საუკუნოვანი ძეგლებისა და ეკლესია მონასტრების სიმრავლით, მათშორის რამოდენიმე მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშიც არის შეტანილი.
უფლისციხე
კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება.
ვარძია
ვარძია— კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლია. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღ. დონიდან 1300 მეტრზე. ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე), განლაგებულია ცამეტ სართულად. შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან - ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის ანანურისაგან.
დავითგარეჯა
ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან დავითგარეჯა შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
თუშეთი
თუშეთის დაცული ტერიტორიები (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, დაცული ლანდშაფტი) მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე, თუშეთის ქვაბულში 900-4800 მ-ზე ზღვის დონიდან, თბილისიდან 280 კმ-ის დაშორებით. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის დაარსების თარიღად 1981 წელი ითვლება. დღეს მისი ფართობი 10694 ჰა-ია. ეროვნული პარკი (83453 ჰა) და დაცული ლანდშაფტი (27903 ჰა) დაარსდა 2003 წლის 22 აპრილს. თუშეთი გამორჩეულია ულამაზესი ალპური მდელოებითა და საუცხოოდ შემონახული ფიჭვნარი ტყეებით, ტებულოს (ზღვის დონიდან 4492 მ.), დიკლოს (ზღვის დონიდან 4285 მ.) და ბორბალოს (ზღვის დონიდან 3294 მ.) დიდებული მწვერვალებით.
ფშავ-ხევსურეთი
თუშეთი არის საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.
შატილი — ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია). 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შატილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში
მუცო — მდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელი ზღვის დონიდან 1880 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ჩარგალი —მდინარე ჩარგლულის ხეობაში. ზღვის დონიდან 1200 მ. ჩარგალში დაიბადა ვაჟა-ფშაველა. სოფელში არის მწერლის სახლ-მუზეუმი და იქვე ყოველ წელს ტრადიციული ფესტივალი „ვაჟაობა“ იმართება.
გუდაური
სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე. სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება.
ბაკურიანი
ბაკურიანი მდებარეობს დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ბაკურიანში აღმოჩენილია მეგალითური კულტურის ნაშთი, შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის საკულტო ნაგებობა "პანტნარის ტაძარი". ბაკურიანი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. 2005 წელს ბაკურიანი წარადგენილი იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად. ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით. დაბის მიმდებარე ტერიტორიებზე გაშენებულია ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი.
ბორჯომი — ქალაქი-კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მ. სიმაღლეზე. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. კურორტი სახელგანთქმულია აქ მოპოვებული “ბორჯომის” წყლით, წყაროები აღმოჩენილი იქნა 1825 წელს და მას შემდეგ ხდება წყლის აქტიური მოპოვება.
ყუმისთავის მღვიმე (პრომეთეს მღვიმე) — კარსტული მღვიმე დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ყუმის აუზში, ზღვის დონიდან 100 მ-ზე. ქალაქ თბილისიდან დაშორებულია 240 კილომეტრით, ხოლო ქალაქ ქუთაისიდან 40 კილომეტრით. წარმოადგენს ჰორიზონტალურად დახშულ მღვიმეს. შესასვლელის სიმაღლეა 3,5-4 მ, სიგანე 7 მ. მღვიმეში გვხვდება სტალაქტიტები, კალციტის ნაღვენთები, ნგრევით წარმოქმნილი და ორგანოგენული ნაფენები. ჰავა დინამიურია. ჰაერის მოძრაობა მკვეთრად იგრძნობა. გვირაბის ბოლოს არის სიფონი, რომლის სიღრმე 2 მ, ხოლო ტემპერატურა 15°C აღწევს (1959 წლის შეფასება). სიფონის მახლობლად მდებარე დარბაზში არის ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონია. მღვიმურ ნაკადს მოსახლეობა იყენებს სასმელად. არსებობს გეგმა, ჭრილები. მღვიმეში გავლა ადვილია. ტურისტული მარშრუტის სიგრძეა 1060 მ.
აღმოჩენილია 16 დარბაზი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მასშტაბით და გაქვავებული ჩამონაღვენთების ფორმით. მდიდარია სხვადასხვა სახის წარმონაქმნებით, მათ შორის მოიპოვება: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვ. კარგი ტურისტული ობიექტია. მღვიმე კეთილმოწყობილია; არის საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება, ლაზერ-შოუ, სხვადასხვა ხედები და თერაპია ასთმით დაავადებული ადამიანებისათვის. ყუმისთავის მღვიმე გამოცხადებულია ბუნების ძეგლად.
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი
მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 354 ჰა. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.
სვანური კოშკები
სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ნაგებობაა. კოშკებს რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნენ და გარედან განსაკუთრებული სიმტკიცის ბათქაშით ლესავდნენ. შენობაში შესვლა მეორე სართულიდან შეიძლება ხის მისადგმელი კიბით.კოშკის ბოლო სართულზე საბრძოლო ბაქანი და სათოფურებია.
ადიშის ოთხთავი, XI საუკუნის ბოლოს კლარჯეთიდან წამოღებული ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ის გადაწერილია 897 წელს და უძველესი ქართული თარიღიანი სახარებაა. ასომთავრული ტექსტი ოქროსფერი მელნითაა ნაწერი. ადიშის ოთხთავი ამჟამად მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული.
კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთი ერთ - ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. იგი ადმინისტრაციულად მოიცავს როგორც კახეთს, ასევე ისტორიულ კუთხეს – თუშეთს. კახეთში წარმოდგენილია ჰავისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნება, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული, ისე სტეპური ბუნება. კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას. კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი... თითოეული ეკლესია - მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.
დმანისის არქეოლოგიური გათხრები
1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან დმანისის არქეოლოგიური ძეგლები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

სრულად ნახვა
Close